დიანა ისრაელის მოქალაქეა. იგი დეიდასთან სტუმრად იყო ჩამოსული, როცა ჯაბას შეხვდა. თუმცა, ბათუმში უმიზეზოდ არ ჩამოსულა _ ისრაელში მანდილოსნებსაც იწვევენ ჯარში და დიანა ბათუმში იმალებოდა. ამის გამო ჯაბა ხშირად ხუმრობს კიდეც, დეზერტირი მეუღლე მყავსო :-).
ჯაბა გუნდ “რეზერვისტების” კაპიტანია და შეხვედრის შემდეგ მას მალევე ბაქოში მოუწია წასვლა, რადგან იქ KBH-ი იმართებოდა. სწორედ ბაქოში ყოფნის დროს ჯაბა მიხვდა, რომ დიანა მისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობარი და საქართველოში დაბრუნების შემდეგ სიყვარულშიც გამოუტყდა _ “ძალიან კარგი ადამიანია, ამასთან, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და მივხვდი, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.”
თუმცა, იყო ერთი პრობლემა _ თუ დიანა ისრაელში არ დაბრუნდებოდა, შემდეგ იქ, მშობლებთან ვეღარასოდეს ჩავიდოდა. თუ წავიდოდა, სამი წლის განმავლობაში საქართველოში ვეღარ ჩამოვიდოდა. მოკლედ, ამ და სხვა მიზეზებმა დააჩქარეს წყვილის დაოჯახება. როგორც ჯაბა ამბობს: “დაოჯახება ჩემთვის წარმოუდგენელია ქორწილის გარეშე. ყოველთვის მინდოდა, ლამაზი ქორწილი გადამეხადა. მეგობრებმა მირჩიეს, რომ ყველაფერი ექსპრომტად გაგვეკეთებინა, ანუ არაფერი დაგვეგეგმა. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მეგობრებმა დამარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა”.
მართლაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჯაბა განსაკუთრებით თამადითაა კმაყოფილი. “გადავწყვიტე, ტრადიციული ბოხხმიანი და ულვაშებიანი თამადის ნაცვლად ახალგაზრდა მომეწვია. თამადა ყველა სადღეგრძელოზე თავისივე ლექსს ამბობდა და მის სადღეგრძელოებს მომღერალთა ჯგუფი ბანს ჰმატებდა მხოლოდ. თუმცა ეს არ იყო ისეთი სადღეგრძელოები და ლექსები, რომლებსაც არ უსმენენ, თითქმის ყველა სადღეგრძელოს შემდეგ სტუმრები ფეხზე დგებოდნენ და ტაშს უკრავდნენ”.
ქორწილში ჯაბას შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, დიანას კი _ თეთრი კაბა - “დიანას კაბას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვეძებდით, მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩაიცვა, ყველა კაბა მოუხდა”.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი “რეზერვისტის” ქორწილს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია _ ჯაბას ცეკვისას შემთხვევით დიანას კაბაზე დაედგა ფეხი და კაბის შიდა ნაწილი ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, წყვილმა მაინც გააგრძელა ცეკვა.
“საბოლოოდ, ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ახალგაზრდებიცა და ასაკოვანი სტუმრებიც ერთნაირად მხიარულობდნენ _ ბიჭებზე მეტად გოგონები დათვრნენ, ცეკვსას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ყველამ გაიხადა და ისე ცეკვავდნენ. იყო სხვა სასაცილო სიტუაციებიც, რომლებიც სწორედ გოგონების სიმთვრალემ გამოიწვია. ეს იყო ნამდვილი, ცოცხალი შოუ, რომლის ასე გადმოცემა ძნელია. ყველაფერი ჩემი მეგობრების დამსახურებაა”.
ივლისის ბოლოს წყვილი პატარა გოგონას ელოდება. დიანა ამჟამად ისრაელშია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მას შემდეგ, რაც პატარა დაიბადება, იგი საქართველოში დაბრუნდება.
ჯაბა ჭანტურია და დიანა გინზბურგი
0 коммент.:
Отправить комментарий