დაბალწელიანი შარვლები ახალგაზრდების საყვარელ სამოსად, ხოლო მშობლებისთვის მუდმივ პრობლემად იქცა. ალბათ ყველა ჩვენგანს გაუგონია მშობლებისგან, რომ სხვა სახის სამოსი უნდა ჩავიცვათ და რომ “ეს საშინელება” ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მართლა ასეა ეს თუ არა? მართლა ზიანს ვაყენებთ ჯანმრთელობას დაბალწელიანი შარვლების ტარებით? _ ამ კითხვებით საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრს მივმართე. ექიმი, ქეთევან წერეთელი ამბობს, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაბამისი კვლევების გარეშე შეუძლებელია: “ვერ გეტყვით, რომ დაბალწელიანი შარვალი კონკრეტულ დაავადებებს იწვევს, თუმცა თუ მისი ტარებისას წელი ხშირად ჩანს, ეს გამოიწვევს გაცივებას, ასევე მაღალია შარდსასქესო სისტემის ანთების განვითარების რისკი, რასაც შეიძლება შემდეგ უფრო სერიოზული გართულებები მოჰყვეს”. შარდსასქესო სისტემის ანთების სიმპტომებია ტკივილი, ხშირი შარდვა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები.
გარდა დაბალი წელისა, ამ შარვლებს კიდევ ერთი ნაკლი აქვთ _ ისინი მეტისმეტად ვიწროა, რის გამოც ვერც ერთი ორგანო ვერ მუშაობს სრულყოფილად. დაბალწელიანი ვიწრო შარვლები არღვევს სისხლის მიმოქცევას მენჯის მიდამოში და იწვევს საჯდომი ნერვის დისფუნქციას.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დაბალწელიანი ვიწრო შარვლების სისტემატური ტარება წელის გარშემო ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს, რომელიც დღეს ბევრი ახალგაზრდის პრობლემაა. ცხიმის მოშორებისთვის კი საჭიროა სისტემატური ვარჯიში (მუცლის პრესები), რაც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
19 წლის თეონა გოგუაძე ამბობს: “დაბალწელიან შარვლებს მოდის გამო არ ვიცმევ, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მიხდება. საერთოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც, ვფიქრობ არ უხდებათ, თუმცა იცვამენ, რადგან სხვას აცვია. გარდა ამისა, მაღალწელიანი შარვლები არც ისე ადვილად საშოვნელია, რადგან მოდაში არ არის. მეც მსმენია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ამიტომ ცივ ამინდში ვცდილობ, არ ჩავიცვა ან გრძელი მაისური ჩავიცვა და წელი დავიფარო”.
ამ შარვალს აქვს უპირატესობებიც _ მასში მოხერხებულად ვგრძნობთ თავს და მას ადვილად ვუხამებთ სხვადასხვა სტილის სამოსს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა გარეთ სიცივეა, შინაგანი ორგანოები ადვილად ცივდება და მეტისმეტად მოკლე ჯემპრის, ქურთუკისა და დაბალწელიანი შარვლის მოყვარულები შეიძლება სერიოზული დაავადებების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ ყველაფერს კი ალბათ ისევ დაბალწელიან შარვლებზე უარის თქმა ჯობია. მით უმეტეს, რომ ისინი უკვე მოდიდან გადადის და ისევ ბრუნდება მაღალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები. მართალია, მაღალწელიანი შარვლები ჩვენთან ძნელი საშოვნელია, მაგრამ თუ კარგად მოძებნით, იპოვით. შეგიძლიათ მიმართოთ “სექენდ ჰენდსაც”, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მოდიდან გადასული მაღალწელიანი “შლაქსები” და გადააკეთოთ თანამედროვე, მოდურ მაღალწელიან “ბუტილკად”.
0 коммент.:
Отправить комментарий