ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გააცნეს… სახლში გაცილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ უბანში ცხოვრობდნენ. პაატას ია პირველივე ნახვით შეუყვარდა… საერთო მეგობრების წყალობით, ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ, მაგრამ მხოლოდ მეგობრებად რჩებოდნენ, ია არც ფიქრობდა და ვერც წარმოედგინა სხვაგვარი ურთიერთობა. პაატა მალე გამოუტყდა სიყვარულში, თუმცა ცივი უარი მიიღო…
მერე ურთიერთობა გაცივდა და აღარც მეგობრები იყვნენ… პაატა თბილისიდან ბათუმში გადმოვიდა სამუშაოდ, რათა ხშირად ენახა ია. ერთხელაც, მაშინ, როცა იას დედა ბათუმში იყო ჩამოსული, პაატა იას სახლში ესტუმრა და დედამისს იას ხელი სთხოვა. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა იას დედას, მაგრამ მომავალმა სიძე-სიდედრმა მალე ისე გაუგეს ერთმანეთს, რომ მომავალი სიდედრი პაატას ყავითაც კი გაუმასპინძლდა. საბოლოოდ, პაატამ შეძლო იას გულის მოგება. მალე სისტემატურად დაიწყეს შეხვედრა, თუმცა ხშირად კამათობდნენ. ია ამბობს, რომ ყველა კამათი მისი “დამსახურებით” იწყებოდა, რადგან არ იყო დარწმუნებული საკუთარ გრძნობაში და არ უნდოდა პაატა მოეტყუებინა. პაატა მაინც არ თმობდა და სიურპრიზებით ანებივრებდა იას. “პაატა ჩემი პირველი სიყვარულია და ბევრი ფიქრი დამჭირდა იმისთვის, რომ შეცდომა არ დამეშვა. როცა მივხვდი, რომ ნამდვილად ვუყვარდი, მიყვარდა და იმასთან ბედნიერი ვიქნებოდი, გადავდგი გადამწყვეტი ნაბიჯი და ცოლად გავყევი”.
წყვილი გაიპარა და ჯვარიც ჩუმად დაიწერეს ოზურგეთში. მშობლებს იმ საღამოსვე გააგებინეს, მართალია გაბრაზდნენ, მაგრამ მალევე შეურიგდნენ.
ქორწილი ლანჩხუთში გაიმართა. იას ტრადიციულად თეთრი კაბა ეცვა, პაატას კი _ შავი შარვალ-კოსტიუმი. დედოფალმა თაიგულიც ისროლა და ვინც დაიჭირა, იმანაც მალევე იქორწინა. რადგანაც პაატა ქართულს ვერ ცეკვავს, ქორწილში რძალ-მამამთილმა იცეკვა. დასამახსოვრებელი იყო ისიც, რომ ორი თამადა გამოცვალეს, რადგან დათვრნენ. ქორწილი მესამე თამადამღა დაასრულა.
წყვილმა თაფლობის თვე გურიაში გაატარა.
ია და პაატა ბათუმში ცხოვრობენ. ჰყავთ სამი თვის თორნიკე. პაატა მუშაობს, ია კი მთელ დღეს პატარა თორნიკეს უთმობს.
ია ვაშაკიძე და პაატა ცეცხლაძე
0 коммент.:
Отправить комментарий