ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არის გვიანი. ერთფეროვანი ცხოვრების გასახალისებლად რჩევები ფოტოჟურნალისტ გივი ნახუცრიშვილს ვკითხეთ, რომელიც გარდა იმისა, რომ თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ბატონ გივის ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, შვილიშვილები და მიიჩნევს, რომ ბედნიერია.
გივი ნახუცრიშვილის დღე ვარჯიშით იწყება : “ვარჯიშის მთავარი პრინციპი ისაა, რომ მიიღო ენერგია და არა _ გასცე. ენერგიის მიღების შემდეგ მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნები. ივარჯიშეთ ასე: კალათბურთის ბურთში ჩაასხით ნახევარ ლიტრამდე წყალი (ან იმ რაოდენობის, რამდენის აზიდვასაც შეძლებთ), დაჯექით სკამზე და ბურთი ჰაერში ააგდეთ, თან ამოისუნთქეთ, ბურთის დაჭერისას კი ღრმად ჩაისუნთქეთ. ასროლის სიმაღლეს და ინტენსივობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამ ვარჯიშისას ყველა კუნთი მუშაობს. ამის შემდეგ ხელები გადაიტანეთ თავს უკან და შეასრულეთ იგივე მოძრაობა _ ეს საუკეთესო ვარჯიშია სუნთქვის გასაუმჯობესებლად, ვარჯიში სულ რაღაც 10 წუთს წაგართმევთ, შედეგად კი გაუმჯობესებულ სუნთქვას და მეტ ენერგიას მიიღებთ. ვარჯიშის დროს ფანჯარა უნდა გამოაღოთ”.
კომპიუტერთან მუშაობისას თვალებზე დაღლილობის მოსახსნელად კი ბატონი გივი შემდეგ ვარჯიშს გირჩევთ: როგორც კი იგრძნობთ სიმძიმეს თვალებზე, ერთი წუთის განმავლობაში დახუჭული თვალები წრიულად ამოძრავეთ.
“თუ პრობლემების მოგვარების საშუალება არ არის, ნერვიულობას აზრი არ აქვს, ამით მაინც ვერაფერს შეცვლით და ჯანმრთელობასაც გაიუარესებთ” _ ამბობს ბატონი გივი. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ადამიანი ყოველთვის პირდაპირი უნდა იყოს და თქვას ის, რასაც ფიქრობს _ თუ სათქმელს და უკმაყოფილებას საკუთარ თავში დავტოვებთ, ამით ჯანმრთელობას ვავნებთ.
როგორც ცნობილია, ადამიანებზე საზოგადოებრივი აზრი დიდ გავლენას ახდენს. გივი ნახუცრიშვილის აზრით, იმის გამო, რომ ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ, მის აზრს ნაწილობრივ უნდა გავუწიოთ ანგარიში. ზოგჯერ უკეთესია კონკრეტული პიროვნების აზრი გავითვალისწინოთ, ვიდრე მთლიანად საზოგადოების, რადგან პიროვნება ხშირად უფრო მეტია, ვიდრე _ საზოგადოება.
დატვირთული დღის შემდეგ განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა სუფთა ჰაერზე 10-15 წუთის განმავლობაში სეირნობა, რადგან დაღლილობას ჟანგბადის ნაკლებობაც განაპირობებს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს _ “არ უნდა იძინო არც ცოტა და არც ბევრი, გამოძინებისთვის და ძალების აღდგენისთვის 7-8 საათი სავსებით საკმარისია. მნიშვნელოვანია ძილის დროც, არ უნდა გამოვტოვოთ აღდგენითი ფაზა, რომელიც 00:00 საათზე იწყება. ამ დროს ორგანიზმი გადადის ძილის ფაზაში და ითხოვს დასვენებას, ის არ უნდა ვაიძულოთ, იმუშაოს”.
იმისათვის, რომ გქონდეთ საინტერესო ცხოვრება, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰობსაც _ “არასწორი მიდგომაა ჰობის და სამსახურის გაერთიანება. ჰობს ირჩევ იმიტომ, რომ მძიმე, ყოველდღიური ცხოვრება გაიხალისო და შესაძლოა, სულიერი განწყობის მიხედვით ხშირადვე ცვალო იგი”.
0 коммент.:
Отправить комментарий