ელარჯი მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო კერძია. მისი მომზადების წესებს დიასახლისი _ ნინო მამულია გვასწავლის: “ერთი კილოგრამი სიმინდის ღერღილი კარგად გარეცხეთ, დაასხით წყალი და ნელ ცეცხლზე ისე მოხარშეთ, რომ ცოტა ხორხოშელა დარჩეს. შემდეგ შეზილეთ ფქვილით. ჩაიშუშება თუ არა, შეაზილეთ 1,5 კილოგრამი ოდნავ მარილიანი ჭყინტი სულგუნი, რამდენიმე წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე და თეფშებზე გადმოიღეთ”.
ელარჯი ღომზე ოდნავ თხელი უნდა იყოს. ამ კერძს ხშირად ღერღილის ნაცვლად ბრინჯითაც ამზადებენ, რაც მას განსხვავებულ გემოს აძლევს. ამიტომ უკეთესია სიმინდის ღერღილი გამოიყენოთ.
ელარჯთან ერთად, როგორც წესი, მიირთმევენ გებჟალიას. მას სულგუნითა და მისი ნახარში წვენით ამზადებენ შემდეგნაირად: გააბრტყელეთ ჯერ კიდევ რბილი სულგუნი, წაუსვით მარილთან ერთად დანაყილი პიტნა, დაახვიეთ ე.წ. რულეტივით და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. შემდეგ სულგუნის ნახარშ წვენში აურიეთ ხაჭო, ძალიან წვრილად დაჭრილი ან დანაყილი პიტნა და მარილი, ისე, რომ თხევადი, მაგრამ სქელი მასა მიიღოთ. მიღებულ მასაში ჩააწყვეთ დაჭრილი სულგუნი.
მართალია, გებჟალიას ძირითადად ელარჯთან მიირთმევენ, მაგრამ შეგიძლიათ იგი ღომთან და პურთან ერთადაც კი დააგემოვნოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий