ხშირად ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, ბევრ სისულელეს ჩავდივართ ხოლმე. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სრულიად ახალ გარემოში ვხვდებით, უცნობი ადამიანი ბევრია, შენ კი _ ერთი. ამის ერთ-ერთი მაგალითი უნივერსიტეტში პირველკურსელობაა, როცა ყველა ცდილობს მოდურად და კარგად ეცვას, შედეგად კი ყველა პირველკურსელი თითქმის იდენტურ სამოსს ატარებს. ზოგს მეტისმეტიც მოსდის და ზედმეტად “ორიგინალური” სამოსით და ვარცხნილობით გამოირჩევა. ეს კი ზოგჯერ ძალიან სასაცილოცაა.
გირჩევთ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენმა “გამორჩეულობამ” სხვები არ გააღიზიანოს.
არ გაგიკვირდეთ, თუ პირველ დღეს მისულმა, აღმოაჩინეთ, რომ თქვენნაირი მაისური ან შარვალი მინიმუმ სამ ადამიანს აცვია. ამიტომ, ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით ჩაცმით სცადეთ. უნდა შეეცადოთ რამე განსხვავებული შეიძინოთ _ სადა ჯინსი ან მაისური და სასურველი ნახატი თქვენ თვითონ გაუკეთეთ, ან სპეციალურ მაღაზიაში გააკეთებინეთ.
გამორჩეული სამოსის შეძენა “სექენდ ჰენდშიც” შეგიძლიათ. რატომღაც ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ჩამოფასებული სამოსის ტარება სირცხვილია. პირიქით, დარწმუნებული იქნებით იმაში, რომ თქვენნაირი სამოსი არავის ეცმევა და სხვათაშორის, “სექენდ ჰენდში” სამოსის შეძენა უკვე დიდი ხანია არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. იქაც საკმაოდ ძვირი ღირს სამოსი.
კარგია, საერთოდ თუ დაივიწყებთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ, პირველ სემესტრში მაინც. როგორც წესი, სკოლაში კედებზე და ე.წ. “ბალეტკებზე” მიჩვეული გოგონები ნაკლებად ფლობენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულის მანერას, ამიტომ, უცხო თვალისთვის კომიკურიც შეიძლება გახდეთ. გარდა ამისა, სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტის დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე დიდი ხართ და აუცილებლად “შპილკებზე” უნდა გეცვათ, მით უმეტეს, რომ, როგორც წესი, პირველი კურსი ძალიან დატვირთულია და კედებით სიარული უფრო მოსახერხებელი იქნება.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ მოიქცევით უცნობი ადამიანების გარემოცვაში. იმისათვის, რომ ყურადღება მოგაქციონ, არაა აუცილებელი პირველივე მერხზე დაჯდეთ და ლექტორის დასმულ ყოველ კითხვას თქვენი კურსელების ნაცვლადაც თქვენ უპასუხოთ. ამით ყურადღებას კი მიიქცევთ, მაგრამ ცალსახად ნეგატიურ დამოკიდებულებას დაიმსახურებთ. ნუ იქნებით ზედმეტად მორცხვიც, მიეცით ადამიანებს საშუალება თქვენთან კონტაქტში შემოვიდნენ. და რაც მთავარია, თავიდანვე უარყოფითად ნუ განეწყობით მთელი კურსის მიმართ, არ ისროლოთ მსგავსი ფრაზები _ “ძალიან ცუდი ჯგუფი მყავს”, “არც ერთი კურსელი არ მომეწონა” და ა.შ... თქვენ ჯერ არავის იცნობთ და დასკვნების გამოტანა ადრეა, ნუ მიიჩნევთ, რომ კურსელები არ არიან თქვენთან ურთიერთობის ღირსი ან რამეთი დაბლა დგანან თქვენზე.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობისას უკეთესია არ ითამაშოთ და იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!..
0 коммент.:
Отправить комментарий