ერთმანეთი 6 მაისს 6 მაისის პარკში გაიცნეს... ნანა მარტო სეირნობდა და თან მუსიკას უსმენდა, ვერ შეამჩნია უცნობი მამაკაცის ყურადღება და არც ის დაუნახავს, ეს მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში უკან რომ დაყვებოდა. ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. უცებ ახლოს მჯდომი მამაკაცის მზერა შენიშნა, რამდენიმე წამით თვალი გაუსწორა და სახლისკენ წავიდა. მალე “ისიც” წამოეწია და ინგლისურად თუ ლაპარაკობო ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ უცნობი მამაკაცი თურქეთიდან იყო და ქართული არ იცოდა. საუბარი გაუგრძელდათ და ალფერმა ნანა სახლამდე მიაცილა, დამშვიდობებისას ტელეფონის ნომრები გაცვალეს...
ისინი ინტენსიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს. სამი თვის შემდეგ კი იქორწინეს. ხელი ბულვარის საქორწინო სახლში მოაწერეს და მახინჯაურში, რესტორან “მეგრულ-ლაზურში” ახლობლებთან ერთად აღნიშნეს შეუღლება.
საპატარძლო კაბის შერჩევაში დიდი დრო არ დაუხარჯავთ, ნანამ მომავალი მეუღლის გემოვნებაც გაითვალისწინა და თეთრი, პატარა ვარდებით გაფორმებული კაბა შეიძინა. არც დარბაზის გაფორმებაზე უფიქრიათ დიდხანს, სადა ორნამენტებით გააფორმებინეს დიზაინერს.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი პატარა იყო, საინტერესო ისტორიებს დღემდე ყვებიან. ყველაზე სასაცილი კი საქორწილო ტორტს უკავშირდება. ტორტი იმავე დღეს გაჭრეს და წესისამებრ, ალფერმა შესთავაზა ნანას ტორტის დაგემოვნება. ნანამ დააგემოვნა, ალფერმა კი კიდევ მიაწოდა, ამ დროს ნანა უარის ნიშნად უკან გაიწია და მოულოდნელად ძირს დაეცა. მართალია, მაშინ ეს არც ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა ამაზე ბევრს ხალისობენ.
მალე თურქეთში გეგმავენ ქორწილის გადახდას. მართალია, ქორწილი თურქული ტრადიციებით იქნება, მაგრამ არც ქართულ ტრადიციებს ივიწყებენ და ალფერი უკვე სწავლობს ქართულ ცეკვას. გარდა ამისა, მას რელიგიის შეცვლა და ნანასთან ჯვრისწერა აქვს გადაწყვეტილი. ნანა კი თურქულ ენას სწავლობს, რათა უკეთესად შეძლოს ალფერის ნათესავებთან კონტაქტი.
წყვილი ქორწილის შემდეგ თაფლობის თვეს თურქეთში გაატარებს, საცხოვრებლად კი კვლავ საქართველოში დაბრუნდებიან.
ნანა პატარაია და ალფერ ალტინოკი
0 коммент.:
Отправить комментарий