ყველასათვის საყვარელი ფუნთუშები საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია, ოღონდ დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. მათ მომზადებას სახლის პირობებში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მზარეული მერი საითაძე გვასწავლის: “ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი საფუარი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი, დაელოდეთ აფუებას.
შემდეგ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით ერთი ან ერთნახევარი ჭიქა შაქარი (დამოკიდებულია გემოვნებაზე), ჩააყარეთ 200 გრამი გარჩეული ქიშმიში, ცოტაოდენი ვანილი და უკვე ამოფუებული პირვანდელი მასა. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, ისე რომ საშუალო სისქის ცომი მიიღოთ.
მიღებული მასა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოფუებამდე, შემდეგ შეაზილეთ 125 გრ მარგარინი. ცომი ორჯერ ჩაზილეთ, ამჯერად მარგარინის გარეშე.
მას შემდეგ, რაც ცომს სამჯერ ჩაზელთ და კიდევ ამოფუვდება, მიეცით სასურველი ფორმები, დაალაგეთ ზეთწასმულ ჭურჭელზე და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. როცა აფუვდება, შედგით ქურაში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. უკვე გამომცხვარ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით სიროფი”.
არ დაგავიწყდეთ, რომ ფუნთუშა ცივი უფრო გემრიელია, ვიდრე ცხელი.
0 коммент.:
Отправить комментарий