გამონაყარი სახეზე თითქმის ყველა ადამიანის აწუხებს. ამიტომ გადავწყვიტე, მომეძებნა ზოგადი რჩევები ამასთან დაკავშირებით. დახმარებისთვის დერმატოლოგ ნინო ბერიძეს მივმართე:
“გამონაყარი, ძირითადად სებორიაა _ კანის დაავადება, რომლის დროსაც ცხიმი მომატებულად გამოიყოფა. დაავადებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციული ფუნქციის მოშლა. ამ შემთხვევაში, გამონაყარი ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, გულმკერდზე, ზურგის ზედა ნაწილზე და კანის იმ ადგილებში, რომლებიც თმითაა დაფარული”.
სებორია ყველაზე ხშირად ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, 14-15 წლის ასაკიდან. გარდა ამისა, სებორია შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, ნერვულ და ენდოკრინოლოგიურ სისტემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. დერმატოლოგი ამბობს, რომ მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, უნდა გამოირიცხოს ცხიმები, თუმცა მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.
სებორიას ანუ გამონაყარს თუკი დროულად არ ვუმკურნალებთ, შესაძლებელია იგი გართულდეს ჩირქოვანი, უფრო დიდი ზომის სებორიას ფერიმჭამელებით. ფერიმჭამელების დროს აუცილებელია სახის გაწმენდა, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ქირურგის ჩარევაც გახდეს საჭირო.
იმისათვის, რომ სებორია თავიდან ავიცილოთ, დერმატოლოგი გვირჩევს, დავიცვათ კანის ჰიგიენა. თუკი გამონაყარი უკვე გაჩნდა, სახის დაბანა წყლით არ არის რეკომენდებული, რადგან ჩირქოვანი კერა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლებს და მთელ სახეზე გავრცელდება. ამ დროს საუკეთესოა კანის ე.წ. “მარგანცოვკით” ჩამობანა. რადგან “მარგანცოვკა” აფთიაქებში თითქმის აღარ იყიდება, შესაძლებელია იგი გვირილის ან დაფნის ნაყენით ჩავანაცვლოთ.
ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე კანის მოვლის სხვა საშუალებების შესახებ რამდენიმე წესსაც გავეცანი, რომელთა დაცვა საკმაოდ მარტივია. ისინი კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობენ ხელს და გამონაყარიც ვეღარ ჩნდება. ოღონდ გაითვალისწინეთ, ამ რეცეპტით უნდა ისარგებლოთ დიდხანს.
პირველი წესი ძალიან მარტივია, ყოველ დილით, უზმოზე, ცივი წყალი უნდა დალიო. ეს ორგანიზმს გაწმენდს, აამაღლებს ტონუსს და გამოფხიზლებაც გაგიადვილდებათ. მეორე წესის მიხედვით, წყალში, რომლითაც სახე უნდა დაიბანოთ, ჩაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი. მიღებული ხსნარი კვებავს კანს. დაიმახსოვრეთ, ხსნარი ძალიან სუსტი უნდა იყოს, თორემ შეიძლება კანი გამოშრეს.
ყოველ დილით სახე ყინულის კუბიკით დაიმუშავეთ. კარგია გვირილის ნაყენს თუ გაყინავთ და ამ ხსნარს გამოიყენებთ. სახეზე დადებამდე, უკეთესია ყინულის კუბიკი შეახვიოთ სუფთა ქსოვილში _ ასე არც გაცივდებით და კანის დაწვის რისკიც აღარ იქნება. ყინული წაისვით სწრაფად, რბილად, ისე რომ არ დააწვეთ.
სხვადასხვა სახის ნიღაბი ხელს უშლის კანში ანთებითი პროცესის დაწყებას. საიტზე რამდენიმე მათგანის მომზადების წესს გავეცანი: თხლად დაჭერით კიტრი ან პომიდორი და 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე. ან გახეხილ სტაფილოს შეურიეთ ხაჭო, გაიჩერეთ სახეზე 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამ წესების დაცვა მარტივია და უშედეგოც რომ იყოს, ზიანს არ მოგაყენებთ. როგორც ირწმუნებიან, თუ ამ წესებს ხანგრძლივად დაიცავთ, თქვენი კანი იქნება ჯანმრთელი, სარკეში ჩახედვა კი _ სასიამოვნო.
კანის მოვლის მარტივი გზები
04:35
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий