ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ… მათი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ნინო მერვე კლასში იყო, აჩიკო კი _ მეათეში. სკოლის დამთავრების შემდეგ აჩიკო კიევში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, ნინო კი ბათუმში დარჩა… მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტობდნენ, ერთმანეთის გარეშე ძალიან გაუჭირდათ _ გააზრებული მქონდა, რომ სასწავლებლად იყო წასული და ეს მიადვილებდა სიშორის ატანას, _ ამბობს ნინო.
შარშან, ნინოს დაბადების დღეზე აჩიკომ სიურპრიზი მოუმზადა _ მშობლებთან ერთად ეწვია სახლში და ხელი სთხოვა. წყვილი დაინიშნა და ერთი წლის შემდეგ ქორწილიც გაიმართა.
ჯვარი ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს, ხელი კი ბულვარში, ახალგახსნილ ქორწინების სახლში მოაწერეს.
ნინომ კაბა საქორწინო კაბების ცნობილი მწარმოებლის _ “ტოპაზა პელას” ინტერნეტკატალოგში შეარჩია. რძისფერ, სადა კაბას ვარცხნილობაც შესაბამისი შეურჩია და უფრო მეტი ეფექტისთვის თმაში დიდი, თეთრი ყვავილი ჩაიმაგრა. აჩიკომ კი ზარას ფირმის შარვალ-კოსტიუმი კიევში შეიძინა. პიჯაკი თეთრი ფერის იყო, შარვალი კი _ შავი.
ქორწილი საქორწილო სახლ “ერაში” გაიმართა. დარბაზი ნინოსა და მომავალი დედამთილის გემოვნებით, დიზაინერმა გააფორმა.
ქორწილი ძალიან მხიარული გამოვიდა. პატარძლის მხრიდან ნინოს ბიძა დანიშნეს თამადად, რომელიც მსახიობი და პოეზიის დიდი მოყვარულია. ასე რომ, ქორწილი მოსაწყენი არ ყოფილა, ყველა სადღეგრძელოს ლექსი ახლდა თან და თამადებმა პაექრობაც კი გამართეს ლექსების თქმაში.
ქორწილს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და პატარძალმა დაისი მამამთილთან ერთად იცეკვა, რადგან აჩიკომ ქართული ცეკვები არ იცის. მერე კი თაიგული ნინოს ოთხშვილიანმა ნათესავმა კაცმა დაიჭირა, მაშინ, როცა ნინოს მეგობრები პაექრობდნენ მის დასაჭერად.
გარდა უამრავი ქართველი სტუმრისა, ქორწილში მოწვეული ჰყავდათ აჩიკოს უკრაინელი და სომეხი მეგობრები, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის ლიმუზინი დაიქირავეს.
საქორწილო ტორტი ტრადიციულად, მეორე დღეს დაჭრეს. ეს დღე ქორწილზე არანაკლებ საინტერესო იყო _ ჯერ ნინოს და აჩიკოს მეგობრები ცეკვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი დისკოთეკა გაიმართა.
თაფლობის თვე კიევში უნდა გაეტარებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და ბათუმში ყოფნას ბეშუმში დასვენება არჩიეს. ახლა წყვილი ბათუმშია, მალე ნინოს სწავლა დაეწყება (ნინო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მომავალი სტომატოლოგი), საახალწლო არდადეგებზე კი კიევში ერთად გამგზავრებას გეგმავენ.
ნინო ზოიძე და არჩილ ბერიძე
1 коммент.:
erti chveulebrivi istoria, girda amis dawera?
Отправить комментарий