ზაფხულში ჭიანჭველების მომრავლება ძალიან აწუხებთ დიასახლისებს, ამიტომ გადავწყვიტე, მომეძიებინა ჭიანჭველებისგან თავდაცვის საშუალებები. ძველ წიგნებსა და საიტებს გადავხედე, ასევე მოვიშველიე ნაცნობ-მეგობრების რჩევები.
საცხოვრებელ შენობებში ჭიანჭველებთან ბრძოლას სახლში ზედმეტი ნესტის აღმოფხვრით იწყებენ. ცნობილია, რომ ჭიანჭველები `საცხოვრებლად~ სწორეს ასეთ ადგილებს ირჩევენ. ამის შემდეგ თუ თქვენს სახლში მაინც გაჩნდნენ ჭიანჭველები, დაინტერესდით, საიდან მოხვდნენ ისინი აქ და დაუხშეთ გზა. თუ ისინი კარებიდან შემოდიან, გაუკეთეთ ბარიერი _ დაუყარეთ საჭმელი სოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჭიანჭველები პატარა ხვრელის საშუალებით ხვდებიან შენობაში, შემოსასვლელი ვაზელინით ან სხვა მსგავსი საშუალებით ამოქოლეთ.
საერთოდ, ჭიანჭველების ბუდე რთული საპოვნელია. იგი, როგორც წესი, დამალულია კედლის ან იატაკის სიღრმეში. თუ გაგიმართლათ და იპოვეთ ბუდე, ნუ იჩქარებთ კაფელის ჩამოძრობას ან პარკეტის აყრას, რადგან შეიძლება დერეფანი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდეს და დიდი მონაკვეთის დაზიანება მოგიწიოთ.
არსებობს ჭიანჭველებთან ბრძოლის სხვა ხერხიც. მაგალითად, ცნობილია, რომ ისინი ვერ იტანენ მცენარეული ზეთის, პიტნის, მიხაკისა და ოხრახუშის სუნს. ასევე ვერ იტანენ გაფუჭებულ ლიმონსაც და თუ ლიმნის ერთ ნაჭერს დადებთ კარადაში, იქ ჭიანჭველებს ვეღარ ნახავთ. ასევე, საკმაოდ ეფექტურია თუ ჭურჭლის გარე მხარეებს, სადაც საკვებს ათავსებთ, მცენარეულ ზეთს წაუსვამთ.
ერთ-ერთ საიტზე ამოვიკითხე, რომ ჭიანჭველებს შებოლილი ან გაფუჭებული თევზის სუნიც აღიაზიანებთ და თუ ოთახში ასეთ თევზს მოვათავსებთ, ჭიანჭველები აღარ მოგვეკარებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ჭიანჭველების განადგურება გეხერხებათ, გირჩევთ: ერთ ჭიქა წყალში გახსენით დაახლოებთ ¼ კოვზი ბორის მჟავა, სამი ჩაის კოვზი შაქარი და ერთი-ორი ჩაის კოვზი თაფლი. ნაზავი მოათავსეთ პატარა ჭურჭელში და ერთი თვის განმავლობაში გააჩერეთ ისეთ ადგილას, სადაც ჭიანჭველები ადვილად მიწვდებიან, შინაური ცხოველები და ბავშვები კი _ ვერა.
გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტურია შემდეგი ხერხიც: ჩაასხით ქილაში წყალი, დაამატეთ თაფლი ან შაქარი, ჭიანჭველები თვითონვე მივლენ იქ და ნებაყოფლობით დაიხრჩობიან. ასევე, კარადაში დადგით ჯამი შაქარმოყრილი ნაცრით, ნაცართან მიკარებისას ჭიანჭველა მაშინვე კვდება. შეგიძლიათ ჭიანჭველების ამოსასვლელ ადგილებზე მიაბოლოთ გოგირდი ან ქათმის ფრთით წაუსვათ ბელეკონი. იმ ადგილებში, სადაც ჭიანჭველები სახლობენ, დაყარეთ თამბაქო ან გაწმინდეთ ძმრიანი ნაჭრით. შაქრიანი ჭურჭელი წყლიან თეფშში მოათავსეთ, ჭიანჭველები ვერ გადალახავენ `მდინარეს~.
და ბოლოს, სასარგებლო რჩევების ძიებისას წავაწყდი ერთ საინტრესო რჩევასაც: ბინაში, სადაც ბინადრობენ ჭიანჭველები, უნდა მიიყვანოთ მინდვრის ჭიანჭველები, ისინი წაიყვანენ `შინაურებსაც~. როგორც საიტი იტყობინება, ეს მეთოდი გამოცდილი და 100%-ით ეფექტურია.
ჩემი რჩევა: კარგი იქნება ჭიანჭველების განადგურებისგან თავს თუ შევიკავებთ და მხოლოდ მათ დაფრთხობას დაჯერდებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოლოგიურ სისტემაში და არც პარაზიტებად მიიჩნევიან.
ერთი საინტერესო ფაქტიც: სამყაროში ჭიანჭველა ყველაზე ძლიერი არსებაა, მხოლოდ მას შეუძლია წაიღოს მასზე 10-ჯერ უფრო მძიმე ტვირთი. ზოგჯერ ჭიანჭველა თავის წონაზე 20-25-ჯერ მეტი ტვირთსაც კი ათრევს.
0 коммент.:
Отправить комментарий