ხშირად, მთელი დღის განმავლობაში გვიწევს კომპიუტერთან მუშაობა, მობილურ ტელეფონსაც აქტიურად ვიყენებთ და დღის ბოლოს არც ტელევიზორის ყურებაზე ვამბობთ უარს. შედეგად კი ჩვენი თვალები იღლება და მალე მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც შეიძლება იჩინოს თავი.
არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც თვალების დაღლილობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ასეთ რჩევებს ერთ-ერთ სამედიცინო ინტერნეტსაიტზე მივაგენი.
თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერის სწორად დადგმას. კომპიუტერის ეკრანსა და თქვენ შორის მანძილი დაახლოებით 60-70 სმ უნდა იყოს. გარდა ამისა, კომპიუტერთან მუშაობისას ყოველ საათში ერთხელ 5-10 წუთით შეისვენეთ და გააკეთეთ უბრალო ვარჯიში _ თავის ტრიალი.
რაც შეეხება ტელევიზორს, რეკომენდებულია ტელევიზორის ყურება 5-6 მეტრის დაშორებით. ექიმები გვირჩევენ, რომ ტელევიზორს არ ვუყუროთ სიბნელეში და არ მოვახდინოთ კონცენტრაცია მხოლოდ ეკრანზე, დროდადრო მზერა სხვა საგნებზეც უნდა გადავიტანოთ, რათა თვალმა დაისვენოს. ტელევიზორის ყურებისას ყურადღება მიაქციეთ სუნთქვასაც. უცნაურია, მაგრამ ფაქტია და გამოკვლევებითაც დადასტურდა, რომ საინტერესო პროგრამით გატაცების დროს ადამიანი სუნთქვას გაუაზრებლად აჩერებს, რაც არც ისე კარგია.
ერთ-ერთ საიტზე კი ვიპოვე ინფორმაცია სპეციალური ვარჯიშების შესახებ, რომლებიც ადვილად განსახორციელებელია და დიდ დროსაც არ წაგართმევთ. დაჯექით სწორად, ხელები დაიწყვეთ კეფაზე. ჩასუნთქვისას იდაყვები გასწიეთ გვერდზე, ამოსუნთქვისას კი წინ გამოსწიეთ. ვარჯიში გააკეთეთ 3-4-ჯერ. საკმაოდ მარტივია მეორე ვარჯიშიც: კვლავ სწორად დაჯექით და ხელები სკამის ზურგს მოკიდეთ. მხრები ასწიეთ რაც შეიძლება მაღლა, ჩამოწევისას მოდუნდით. ეს ვარჯიში 2-3-ჯერ უნდა გააკეთოთ. არც შემდეგი ვარჯიშის გაკეთება გაგიჭირდებათ: უყურეთ მონიტორს 2-3 წამის განმავლობაში, შემდეგ კი 3-5 წუთით მზერა ფანჯარაზე ან რამე სხვა ნივთზე გადაიტანეთ. დასასრულისთვის კი ყველაზე მარტივი ვარჯიშიც შეასრულეთ: დახუჭეთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქეთ, გახელისას კი ღრმად ამოისუნთქეთ.
თუ შეამჩნიეთ რომ მხედველობა გაგიუარესდათ ან ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თვალებში მტვერი ჩაგიცვივდათ, დროდადრო კი დაბლანდულად ხედავთ, აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს.
0 коммент.:
Отправить комментарий