თევზის სუნის გასაქრობად...


თევზის მომზადების შემდეგ არასასიამოვნო სუნი რჩება სამზარეულოში, ასევე ხელებზე, ჭურჭელსა და მაცივარშიც კი, სადაც თევზი იყო მოთავსებული. ჭურჭლის კარგად გარეცხვა და ხელების დაბანა კი არაფერს შველის.

რჩევები, რომლებიც თევზის სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ, დიასახლისებისთვის განკუთვნილ წიგნებსა და ინტერნეტსაიტებზე მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ საჭიროა რამდენიმე წესის ცოდნა, რაც სამუდამოდ გადაგიწყვეტთ ამ პრობლემას.

კარგი იქნება, თუ თევზს ისეთ ადგილას მოამზადებთ, სადაც ჰაერი მოძრაობს. კერძის მომზადებისას ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ თეფში ცხელი ძმრით; კარგია, თევზის შეწვისას ზეთში კარტოფილის რამდენიმე გათლილ ნაჭერს თუ ჩადებთ, კარტოფილი შეისრუტავს თევზის სუნს. როცა თევზის მომზადებას დაასრულებთ, მშრალ ტაფაზე ოდნავ დაწვით ორი კოვზი ნალექიანი ყავა ან ტაფაში აადუღეთ წყალი, დაამატეთ დარიჩინი და მიხაკი _ ეს არომატები გაანეიტრალებენ სუნს.

სამზარეულოში არასასიამოვნო სუნის გაქრობისთვის ქურის ქვემოთ, რომელზეც თევზს ამზადებთ, მოათავსეთ შაქრის ფხვნილი, იგი შეისრუტავს არასასიამოვნო სუნს.

შეეცადეთ: თევზი არ შეწვათ გადამწვარ ზეთში; ზეთი არაკვამლდესდა შხეფები არ გაიფანტოს; თევზის შეწვის შემდეგ ისეთი კერძი მოამზადოთ, რომელსაც სასიამოვნო არომატი აქვს.

სწრაფად გარეცხეთ თევზიანი ჭურჭელი, განსაკუთრებით საჭრელი დაფა და დანა. ჭურჭელი, რომელშიც მომზადდა თევზი, მაშინვე უნდა გააჩეროთ თბილ საპნიან წყალში. სანამ თეფშებს გარეცხავდეთ, გაწმინდეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცით, ცხიმის ნამცეცები მოაშორეთ, გარეცხეთ ჯერ ცივი და შემდეგ კი ცხელი წყლით. უკეთესი ეფექტისთვის, ჭურჭელი გარეცხვამდე გაწმინდეთ მშრალი მდოგვით.

ჭურჭელს თევზის სუნს კარგად აშორებს ძმარი. ერთ ლიტრ წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი ძმარი და მიღებული ხსნარით გარეცხეთ ჭურჭელი. ძმრის ნაცვლად მარილის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში წყალი ცხელი უნდა იყოს, ან ჯერ ჭურჭელს წაუსვით მარილი და შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით. ასევე ეფექტურია ჭურჭლის მაგარი ჩაით გაწმენდა.თუ კოვზებს, ჩანგლებსა და დანებს გარეცხვის შემდეგ სუნი ისევ დარჩება, გარეცხეთ ცივი, საპნიანი წყლით, შემდეგ წაუსვით მცენარეული ზეთი და გაამშრალეთ.

თევზი სუნს განსაკუთრებით პლასტმასის ჭურჭელზე ტოვებს, ამიტომ შეეცადეთ თევზის მომზადებისას ემალის ან მინის ჭურჭელი მოიხმაროთ. თუ მაინც პლასტმასის ჭურჭელს გამოიყენებთ და ჯერ თბილ წყალში და შემდეგ ძმრინ წყალში გარეცხვა არ იძლევა შედეგს, მაშინ ჭურჭელს შემოახვიეთ გაზეთი რამდენიმე ფენად, მჭიდროდ შეკარით და 1-2 დღით საყინულეში შედგით _ თევზის სუნი უკვალოდ გაქრება.

თევზიანი ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ნიჟარაში საჭმელი სოდა ჩაყარეთ და ძმარი მოასხით. ერთი საათის შემდეგ ნიჟარა ცხელი წყლით გარეცხეთ.

0 коммент.:

Отправить комментарий