ხშირი და ლამაზი წამწამებისთვის

გრძელი და აგრეხილი წამწამები ქალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს და მათი მოვლაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ისინი ადვილად ზიანდება როგორც უხარისხო, ასევე ხარისხიანი ტუშის გამოყენებით _ იყოფა ბოლოები, ხდება მტვრევადი ან სულაც, ცვივა.

წამწამების მოვლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, მთავარია არ დაგვეზაროს და ცოტა დრო მაინც დავუთმოთ.

პირველ რიგში, უნდა მივეჩვიოთ ძილის წინ მაკიაჟის მოცილებას, სასურველია კოსმეტიკური რძით. დაზიანებული და დასუსტებული წამწამებისთვის უკეთესია სპეციალური, მკვებავი ტუშის გამოყენება. თუ თვალის ირგვლივ პრობლემური კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ ტუშს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და არომატიზატორებს. ჯანმრთელი და ლამაზი წამწამებისთვის ნუ დაგენანებათ ძვირადღირებული ტუშის შეძენა, რომელსაც სპეციალისტების რეკომენდაცია აქვს. ტუში აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი და სერტიფიცირებული. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ტუში კარგავს თავის თვისებებს გახსნიდან დაახლოებით 100 დღეში. ამიტომ, თუ აქტიურად იყენებთ ტუშს, იგი სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ, თუ იშვიათად _ ექვს თვეში ერთხელ.

წამწამების მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ზეითუნის ზეთის რეგულარული გამოყენებაა. ჯერ კარგად მოიბანეთ თვალები თბილი წყლით, შემდეგ კი წამწამებზე ზეითუნის ზეთი წაისვით - წამწამები გახშირდება, გამუქდება და ბზინვარება მოემატება. თუ ძილის შემდეგ თვალის კუთხეებსა და წამწამებზე ლორწოვანი გამონადენი გიგროვდებათ, თვალები გვირილის თბილი ნაყენით (1 ჩაის კოვზი გვირილა ერთ ჩაის ჭიქა წყალში) უნდა მოიბანოთ. ეს ნაყენი მოხსნის დაღლილობას და აღადგენს კანს ქარისა თუ მტვრის მავნე ზეგავლენის შემდეგ. შეგიძლიათ საამისოდ ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ.

წამწამების სამკურნალოდ ასევე ეფექტურია აბუსალათინის ზეთი, რომლის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი. სპეციალური, ბამბადახვეული ჩხირი დაასველეთ ზეთში და თხელ ფენად წაისვით წამწამებზე. ჩამობანა აუცილებელი არ არის. ეს პროცედურა სასურველია საღამოობით, მაკიაჟის მოცილების შემდეგ ჩაიტაროთ.

0 коммент.:

Отправить комментарий