სილამაზის სალონიდან ერთხელ მაინც გამოსულხართ ალბათ უკმაყოფილო, გქონიათ შეგრძნება, რომ ვერ გაგიგეს და ვარცხნილობა სულ სხვაგვარად გაგიკეთეს. როცა ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად მიდიხარ, მცირე დეტალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და გსურს, გაგიკეთონ ზუსტად ისეთი ვარცხნილობა, როგორიც შეარჩიე. ამისთვის, პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი სტილისტი და მხოლოდ მას მივმართოთ რეგულარულად.
თუმცა, კარგი დალაქის პოვნა არც ისე მარტივია, მიუხედავად სილამაზის სალონების სიმრავლისა. საქმე მხოლოდ ოსტატობას როდი ეხება, ყველა ეძებს “თავის” სპეციალისტს, ვინც ყოველთვის მისცემს რჩევას არამარტო ვარცხნილობის შესარჩევად.
“ჩვენი” სპეციალისტის ძიებისას რამდენიმე ნიუანსი უნდა გვახსოვდეს. კარგ სტილისტს, გარდა სხვადასხვა მოდური და თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთებისა, უნდა შეეძლოს მოსმენაც და იმის გაგება, თუ რა გინდათ კონკრეტულად. ჯერ თქვენ უნდა მოგისმინოთ და მხოლოდ შემდეგ გამოთქვას საკუთარი აზრი. სასურველი ვარცხნილობების ფოტოების განხილვისას, მან კონკრეტულად უნდა აგიხსნათ, რომელი როგორ “დაჯდება” თქვენს თმაზე. მას შეუძლია ოდნავ შეცვალოს პირვანდელი ვარიანტი იმისთვის, რომ ვარცხნილობა უფრო მოგიხდეთ.
ასევე, კარგი სპეციალისტი ზუსტად დაადგენს თქვენი თმის ტიპს და მდგომარეობას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს და აგიხსნით თმის შესაძლებლობებს. იმ შემთხვევაში, თუ იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეთ, შეეცდება გადაგაფიქრებინოთ, თუ ვარცხნილობა არ შეესაბამება თქვენს გარეგნობას და თმის ტიპს.
გახსოვდეთ, რომ არ ღირს დაუფიქრებლად ენდოთ ცნობილი სტილისტების ოსტატობას, ნურც იმ სალონში გაიქცევით, რომელიც მეგობარმა გირჩიათ, ეს სულაც არ არის გარანტია იმისა, რომ აქ თქვენც კარგად მოგემსახურებიან. ჯერ დაზვერვის მიზნით გაიარეთ სალონში, თმის დასწორება ან სხვა უბრალო პროცედურა მოითხოვეთ. ასე შეამოწმეთ დალაქი და შემდეგ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ანდოთ მას თქვენი ვარცხნილობა. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, სუფთაა თუ არა დალაქის ხელსაწყოები (სავარცხლები, პირსახოცი, წინსაფარი და ა.შ.). თუ პირველი ვიზიტის შემდეგ კმაყოფილი დარჩით, ესე იგი, თქვენ იპოვეთ ის, ვინც გჭირდებათ. სალონს ეწვიეთ დაახლოებით თვეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოთ ვარცხნილობის ფორმა.
მნიშვნელოვანია სილამაზის სალონის ინტერიერიც, უნდა გსიამოვნებდეთ იქ ყოფნა. კარგი ინტერიერი, ყურადღებიანი თანამშრომლები და მშვიდი მუსიკა (თუ ის საერთოდ არის) განაპირობებს არამარტო კარგ განწყობილებას, არამედ დაგეხმარებათ კარგად გამოიყურებოდეთ.
0 коммент.:
Отправить комментарий