ზაფხულში ცივ ხილის ტორტზე უკეთესი ალბათ არაფერია, მას მხოლოდ ნაყინი თუ შეედრება. ხილის ტორტის დამზადება სახლის პირობებშიც საკმაოდ ადვილია. საკონდიტრო მაღაზია “ლიზიკოს” მზარეულმა ხილის ტორტის მარტივი რეცეპტი მოგვაწოდა.
ხილის ტორტისთვის, ისევე როგორც სხვა ყველა სახის ტორტისთვის, ჯერ ბისკვიტი და კრემი დაგჭირდებათ. 6 სუფრის კოვზი ფქვილი, ამავე რაოდენობის შაქარი და 6 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად, შემდეგ შეურიეთ დარჩენილი 6 კვერცხის გული და ერთი შეკვრა ვანილი. კვლავ ათქვიფეთ კარგად, მოათავსეთ ფორმაში და შედგით ქურაში. ბისკვიტის გამოცხობას საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 30-50 წუთი სჭირდება, მას შემდეგ, რაც ბისკვიტი მოყვითალო ფორმას მიიღებს, გამოიღეთ და კარგად გააცივეთ.
კრემისთვის კი დაგჭირდებათ 300 გრამი კარაქი, ოთხი სუფრის კოვზი შაქარი, არაჟანი და ერთი შეკვრა ჟელატინი, რომელიც ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კარგად , სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან მასას, შემდეგ შეურიეთ არაჟანში გახსნილი, ჯერ ცივ წყალში დარბილებული და შემდეგ ჯამში შემთბარი ჟელატინი. მიღებული მასა კარგად ათქვიფეთ და ჩაამატეთ დაჭრილი ანანასი (ან ალუბალი, მარწყვი ან ბანანი, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული).
ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ტორტის გაფორმება. უკვე ცივი ბისკვიტი დაჭერით ოთხ ფენად და თითოეულ ფენას წაუსვით კრემი. ზედა ნაწილი გააფორმეთ სასურველი ხილით და შედგით მაცივარში დაახლოებით ორი საათით.
ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ და მეგობრებსაც გაუმასპინძლდეთ თქვენ მიერ დამზადებული გემრიელი და ცივი ხილის ტორტით.
0 коммент.:
Отправить комментарий