იას, ენძელასა და ყოჩივარდას გამოჩენა და მათი სურნელი გაზაფხულის მოსვლის პირველი მახარობელია. სამწუხაროდ ამ ბედნიერებას ქალაქში მცხოვრებლები მოკლებულნი ვართ _ მინდვრის ეს ყვავილები ქალაქის პირობებში ბუნებრივად არ იზრდებიან, თუმცა მცენარეების მოყვარულმა დიასახლისებმა შეძლეს მათი “მოშინაურება”.
იმის გასაგებად, თუ როგორ მოვუაროთ ამ ყვავილებს სახლის პირობებში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ყვავილების ბაზრობას მივმართე. სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ყვავილების ბოლქვები, 2-3 ლარად.
ეს მცენარეები წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე ყვავილობენ. მათი დარგვაც გაზაფხულზეა სასურველი. მთავარია, დარგვისას ყვავილის ბოლქვი მიწით კარგად დაფაროთ. დარგვის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში აყვავდება.
როგორც ბაზრობაზე მითხრეს, ამ მცენარეების ბოლქვების ჩარგვა შესაძლებელია როგორც ქოთანში, ისე ეზოში. ქოთანში დარგვისას გაითვალისწინეთ, რომ მინდვრის ყვავილებს ბევრი მიწა სჭირდება და სასურველია, ისინი დიდ ქოთანში ჩარგოთ. წყალი ყოველდღიურად უნდა დაუსხათ. იმ შემთხვევაში, თუ ყვავილებს ეზოში დარგავთ, წყლის დასხმა ყოველდღიურად არ არის აუცილებელი, წვიმის წყალიც საკმარისია.
თუ მცენარეს კარგ პირობებს შეუქმნით, რამდენიმე წელს იცოცხლებს და ყოველ გაზაფხულზე აყვავილდება.
0 коммент.:
Отправить комментарий