ზაფხული ნაყინის გარეშე წარმოუდგენელია. ამ დესერტზე არავინ არასოდეს ამბობს უარს. მართალია, მაღაზიებში უამრავი დასახელების ნაყინი იყიდება, მაგრამ მისი დამზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. გადავწყვიტე, ნაყინის სახლის პირობებში დამზადების წესები შემესწავლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან ბათუმში არსებულ კაფეებში ნაყინს თითქმის არავინ ამზადებს _ მზას ყიდულობენ და შემდეგ აფორმებენ. საკმაოდ ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სოიოს ნაყინის დამზადების წესები კი არ გაგვიმხილეს.
საბოლოოდ ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე რამდენიმე რეცეპტი, ოჯახის წევრების კულინარიულ წიგნებსაც გადავხედე და დავამზადე საკმაოდ გემრიელი შოკოლადის ნაყინი შემდეგი მეთოდით:
პატარა ქვაბში გაადნეთ 100 გრამი კარაქი, გააცივეთ, კარგად ათქვიფეთ ორი ცალი კვერცხი და ნახევარი ჭიქა შაქარი ერთად, მიღებულ მასაში ჩაამატეთ გაცივებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ, მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მერე დადგით გაზზე და ნელ-ნელა შეურიეთ რძე, თან ურიეთ. როცა მასა ადუღდება, ჩააყარეთ 2 ჩაის კოვზი კაკაო (თუ კაკაოს გარეშე გირჩევნიათ, შეგიძლიათ არ ჩაამატოთ). მოურიეთ კარგად, მანამ, სანამ ქაფის მაგვარი მასა არ გაქრება. დაელოდეთ გაცივებას, გაცივებული ნაყინის მასაში შეურიეთ ერთი შეკვრა ვანილი, კარგად მოურიეთ და შედგით საყინულეში.
უმჯობესია ნაყინი საღამოს დაამზადოთ, ღამის განმავლობაში უფრო კარგად გაიყინება. როცა ნაყინს საყინულედან გამოიღებთ, გააფორმეთ ხილით, შოკოლადით ან, თხილით, ან სამივეთი ერთად. ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
2 коммент.:
მადლობა :))) მაინტერესებს კვერცხი ცილიან გულიანად უნდა? და რძე რამდენი უნდა?
მეც მაინტერესებს :)
Отправить комментарий