უსაქმურობის დროს

ბევრ ჩვენგანს თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, ამიტომ უსაქმურობა ხშირად წარმოუდგენლადაც გვეჩვენება, მაგრამ, ზოგჯერ მოულოდნელად შეიძლება სრულიად უსაქმური აღმოჩნდეთ მთელი დღის განმავლობაში. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა კი ისე დაგატყდეთ თავს, რომ წინასწარ არაფერი გქონდეთ დაგეგმილი და არც იცოდეთ, რა აკეთოთ, თან მეგობრები და ახლობლებიც დაკავებულები არიან.

იმისთვის, რომ დღემ შედეგიანად ჩაიაროს და მეორე დღეს დროს დაკარგვის შეგრძნება არ გქონდეთ:

ეს დღე მთლიანად დაუთმეთ დასვენებას, განიტვირთეთ და რამე წაიკითხეთ. დატვირთული გრაფიკის გამო ალბათ მხატვრული ლიტერატურის კითხვას ხშირად ვეღარ ახერხებთ. მართალია, ერთ დღეში სქელტანიანი ნაწარმოების წაკითხვას ვერ შეძლებთ, მაგრამ საყვარელი წიგნის გადაკითხვას მაინც მოასწრებთ, რაც ახალი წიგნის წაკითხვაზე არანაკლებ სასიამოვნოა. ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ პატარა მოთხრობები ან სულაც ნოველები, რომლებიც ხშირად უფრო საინტერესოა, ვიდრე სქელტანიანი რომანი. შეგიძლიათ გადახედოთ პოეზიასაც, კარგი განწყობისთვის.

კითხვის გარდა შეგიძლიათ კარგი ფილმის ნახვაც. მერე რა, რომ ბათუმში კინოთეატრი აღარ გვაქვს, სასურველი ფილმის ნახვას სახლშიც შეძლებთ. ჩართეთ ტელევიზორი, იქნებ რამე საინტერესო ფილმს ან გადაცემას წააწყდეთ.

მაგრამ ვისაც თავისუფალ დროს სხვა საქმის გაკეთება ურჩევნია, მისთვის საუკეთესო გამოსავალი ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა. თუ მიიჩნევთ, რომ ეს საქმე არ გამოგდით, დასაწყისისთვის მარტივი ნივთი დაამზადეთ, მიღწეული წარმატება კი გახდება სტიმული ახალი, უფრო რთული ხელნაკეთების დამზადებისთვის. იმაში, თუ რა დაამზადოთ და როგორ, ჩვენი რუბრიკის ეს და სხვა ნომრებიც დაგეხმარებათ.

დატვირთული გრაფიკის გამო სახლის საქმეებს ალბათ ნაჩქარევად ან სხვისი დახმარებით ასრულებთ. ამჯერად, ჩაატარეთ .. `უბორკა~ არა აუცილებლობისთვის, არამედ განტვირთვისთვის. ამ პროცესით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, თან საყვარელ მუსიკასაც თუ ჩართავთ.

დაუთმეთ ეს დღე არამარტო საკუთარ თავს, არამედ საყვარელ ადამიანებსაც, იქნებიან ეს მეგობრები თუ ოჯახის წევრები. მოამზადეთ მათი საყვარელი კერძი და სასიამოვნო გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად დააგემოვნეთ.

თუკი სახლიდან გასვლა გირჩევნიათ და ამინდიც ხელს გიწყობთ, კარგი ვარიანტია პიკნიკზე წასვლა. ქალაქიდან გასვლა არაა აუცილებელი, შესაბამის ადგილს ბულვარის ტერიტორიაზეც იპოვით. და თუ ბუტერბროდებს და სხვა წასახემსებელს სახლში დაამზადებთ, არც ბევრი დაგეხარჯებათ.

თუ მეგობრები დაკავებულები არიან და პიკნიკზე უარი გითხრეს, ხელს ნუ ჩაიქნევთ, სხვა გასართობსაც ნახავთ _ შოპინგი, სტუმრად წასვლა, სეირნობა _ მერე რა, რომ მარტო ხართ, უკეთესად დაისვენებთ ყველასა და ყველაფრისგან.

ეს დღე ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ იმიჯის შესაცვლელად _ ამისთვის სხვა დროს ალბათ ყველაზე ნაკლებად გცალიათ.

ვიმედოვნებ, ჩემი რჩევები გამოგადგებათ და თავისუფალ დროს შედეგიანად გამოიყენებთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დრო უნდა დაუთმოთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს. თუკი სხვისთვის გადაწყვეტთ რამის გაკეთებას, ამას სიამოვნებით უნდა აკეთებდეთ და არა ნაძალადევად.

0 коммент.:

Отправить комментарий