ოფლიანობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა: გარემო პირობებმა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ა.შ. არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელთა დახმარებითაც შეიძლება ოფლის სუნის ჩახშობა ან გამძაფრებული ოფლიანობის განკურნვა. საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის ექიმი, ნანა ჩაუშბა: “ოფლს გამოიმუშავებს საოფლე ჯირკვლები და იგი ორგანიზმის ვეგეტატიური რეაქციაა. როცა გარეთ ძალიან ცხელა, საჭიროა გამოიყოს ოფლი, რათა ორგანიზმი არ გადახურდეს, შეიძლება ოფლიანობა დაავადებასთან კავშირში სულაც არ იყოს. მძაფრსუნიანია ოფლი შეიძლება იყოს რომელიმე შინაგანი დაავადების გამოხატულება, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახის მედიკამენტებმაც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ უკეთესია გამოიკვლიოთ მისი გამომწვევი მიზეზი, ვიდრე ჩაახშოთ”.
გადაჭარბებული ოფლიანობა გენეტიკურია. მას, ვინც ხშირად ოფლიანდება, ექიმი ურჩევს, ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას.
რაც შეეხება ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტებს და გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ისინი იწვევენ ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიც კიბოა, ექიმი ამბობს – “დეზოდორანტები გამოიყენება ოფლის სუნის ჩასახშობად და არა ოფლის. თუ ოფლი არ გამოიყოფა, ეს თავისთავად საზიანოა ორგანიზმისთვის. თუმცა კონკრეტულ დაავადებებზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სპეციალური გამოკვლევა სჭირდება. მაგრამ, ცნობილია, რომ შესასხურებელი დეზოდორანტი (სპრეის სახის) ოზონის ფენისთვის არ არის სასარგებლო, ის დეზოდორი კი, რომელიც თეთრ მასას შეიცავს, ხელს უშლის ოფლის გამოყოფას. ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ბურთულიანი დეზოდორანტია. თუმცა ძილის წინ ნებისმიერი სახის დოზოდორანტი კარგად უნდა ჩამოიბანოთ”.
ჭარბოფლიანობას ძირთადად პლასტიკური ქირურგიის ცენტრებში მკურნალობენ. მაგალითად, კლინიკა “მედის” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკაში ამბულატორიულ-ქირურგიული მეთოდის საშუალებით 70-80%-ით ამცირებენ ოფლიანობას მთელი ცხოვრების მანძილზე. საიტზევე ვკითხულობთ, რომ კლინიკაში იყენებენ უფრო უსაფრთხო და მარტივ მეთოდსაც – ბოტოქსის კანქვეშა ინექციებს. ეს თერაპიული მეთოდი 15-20 წუთში 8-12 თვით გაგათავისუფლებთ ჭარბოფლიანობისგან.
გარდა ამისა, შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად “ინჯოის” კრემი, რომლის ღირებულებაც 4 ლარამდეა.
0 коммент.:
Отправить комментарий