მაკიაჟი რომ სახის კანს აზიანებს, უკვე დიდი ხანია ცნობილია. იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე გვაყენებს ყოველდღიური მაკიაჟი, სილამაზის სალონ “სხივის” კოსმეტოლოგი _ მაკა ქათამაძე გვესაუბრება. “სახეს ძირითადად ტონალური კრემები აზიანებენ. ზოგი მათგანი ანაოჭებს სახეს, აშრობს კანს ან სახეზე ჭარბთმიანობას იწვევს. გარდა ამისა, ტონალური ხელს უშლის კანს სუნთქვაში. არ არსებობს ტონალური კრემი, რომელიც ზიანს არ აყენებს სახის კანს”. როგორც მაკა ამბობს, მაკიაჟი შედარებით უსაფრთხო იქნება, თუ ტონალურის წასმამდე ჯერ მკვებავ კრემს წაისმევთ.
რაც შეეხება თვალის ე.წ. ტუშს, მაკა ქათამაძე ამბობს, რომ იაფფასიანი ტუში წამწამების ცვენას იწვევს, ამიტომ უნდა შეეცადოთ ხარისხიანი შეიძინოთ. თვალის ფანქარი კი ხშირად ალერგიული რეაქციის სათავეა.
ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა პომადა, მაგრამ როგორც კოსმეტოლოგმა გვითხრა, იგი დროთა განმავლობაში ტუჩების ბუნებრივ ფერს აქრობს.
იმისთვის, რომ მაკიაჟისგან გამოწვეული ზიანი შეამციროთ, უნდა გაითვალისწინოთ საღებავების ვარგისიანობის ვადა. მაგალითად, თხევადი ტონალური კრემის და პომადის ვადა საშუალოდ ერთი წელია, თვალის ტუშის კი _ სამი თვიდან ერთ წლამდე, როგორც კი სითხე დაიწყებს გამყარებას, უმჯობესია, აღარ გამოიყენოთ. თვალის ჩრდილების გამოყენება 2-3 წლის განმავლობაში შეგიძლიათ, ოღონდ ფუნჯი ხშირად უნდა გაწმინდოთ ან შეცვალოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий