ფენოვანი ხაჭაპურის ხიბლი მისი ფენოვანი გარე ნაწილია, რომლის მომზადებაც არც თუ ისე იოლი საქმეა. ფენოვანის მომზადების გამოცდილებას კაფე-ბარ “ბათას” მზარეული, ანტონ გიორგაძე გვიზიარებს: “ფენოვანის ცომისთვის საჭიროა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ზეთი, ცოტა სპირტი, მარილი და ლიმონმჟავა. ცომი კარგად მოზილეთ წყალში და ნახევარი საათით გააჩერეთ.
შემდეგ ცომი გააბრტყელეთ და წაუსვით მარგარინი. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, შემდეგ დახვეულ ცომს პოლიეთილენის პარკი შემოახვიეთ და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ ორი საათით. საერთოდ, რაც მეტხანს იქნება ცომი მაცივარში, მით უკეთესია”.
მაცივრიდან გამოღებული ცომი უნდა გააბრტყელოთ და დაჭრათ რამდენიმე ოთხკუთხედ ნაჭრად. ცომის ნაჭერში მოათავსეთ დაფშვნილი იმერული ყველი, სასურველია უმარილო.
როგორც ანტონ გიორგაძემ გვითხრა, ხაჭაპური გემრიელი რომ გამოვიდეს, ყველი ცომის რაოდენობის ნახევარი მაინც უნდა იყოს. ხაჭაპურის შიგთავსს სირბილისათვის ყველში ცოტაოდენ ფქვილს და წყალს ურევენ. ცომში ყველის მოთავსების შემდეგ დაკეცეთ იგი კონვერტის მსგავსად _ ოთხივე კუთხე გადაკეცეთ ცომის შუა ნაწილამდე და გადაკეცილი ნაწილები კარგად მიაწებეთ ერთმანეთს. შემდეგ კი შედგით ქურაში და 45 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე.
0 коммент.:
Отправить комментарий