ფეხზე ოფლი და სუნი დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. რა იწვევს მას და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა? ამ კითხვებით საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის დერმატოლოგს, ნინო ბერიძეს მივმართეთ: “ფეხზე ოფლიანობას ნერვოლოგიური ან ენდოკრინოლოგიური მიზეზები იწვევს. მკვეთრი სუნი ენდოკრინოლოგიური ფაქტორია. საერთოდ, როცა მედიცინაში ცნობილია გამომწვევი მიზეზი, განკურნებაც ადვილია. ასევეა ფეხის ოფლზეც, მთავარია დროულად ექიმთან ვიზიტი”.
მკურნალობისთვის ნიშნავენ დამამშვიდებლებს, პარალელურად ფეხსაცმელები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ბორის მჟავით. ნინო ბერიძე ამბობს, რომ არ შეიძლება ინტენსიურად ბოტასებისა და კედების ტარება, უნდა ვატაროთ ხარისხიანი ტყავის ფეხსაცმელი, ზაფხულში კი მოვერიდოთ დახურულ ფეხსაცმელს.
ჰიგიენისთვის ექიმი სხვადასხვა დეზოდორანტისა და მალამოს გამოყენებას გირჩევთ _ “ეფექტურია თეიმუროვის და ინჯოის მალამოები, მაგრამ ისინი ჰიგიენის მიზნით გამოიყენება, სამკურნალო ეფექტი არ აქვს”.
ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე კი ჰიგიენისთვის შემდეგ ხალხურ მეთოდებსაც გვირჩევენ: გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და დაძინებამდე გადაივლეთ ფეხზე, ასევე გადაივლეთ იგივე ნაყენი დილითაც, ოღონდ ცივ წყალში გახსნილი. აქვე გვთავაზობენ მეორე, უფრო მარტივ მეთოდსაც _ ყოველ ღამე ტერფების ლიმონის წვენით გაწმენდვას. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხზე.
0 коммент.:
Отправить комментарий