სკოლის დამთავრების შემდეგ ბოლო ზარი და ე.წ. “გამოშვება” ან “ბანკეტი” ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ დღეებისთვის რამდენიმე თვით ადრე ემზადებიან. სასურველია, ბოლო ზარი განსაკუთრებილი და გამორჩეული იყოს, ისეთი, თქვენ და თქვენს მშობლიურ სკოლას დიდხანს რომ ემახსოვრება.
როგორც წესი, ჯერ ბოლო ზარი იმართება და შემდეგ ბანკეტი. დღეს მოდაშია ბოლო ზარის მომზადებისთვის ახალგაზრდა რეჟისორის დაქირავება. თუმცა რეჟისორები საკმაოდ ბევრ დამამთავრებელ კლასს ამზადებენ და შედეგად ყველა ბოლო ზარი თითქმის იდენტურია. ამიტომ, უნდა შეეცადოთ, იპოვოთ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ისეთი რეჟისორი, რომელიც მხოლოდ თქვენთვის დაწერს სცენარს და კონკრეტულად თქვენს კლასს მოარგებს.
კარგია თუ გაიხსენებთ ძველ დროს და გააკეთებთ ე.წ. ალბომსაც თქვენი, კლასელებისა და მასწავლებლების ფოტოებით. ეს დაახლოებით 15-20 ლარი დაგიჯდებათ. მართალია ალბომები დღეს არც ისე მოდურია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მას გადახედავთ, ნამდვილად არ ინანებთ ამ გადაწყვეტილებას.
ბოლო ზარის შემდეგი ეტაპია ბანკეტი. თუმცა განსაზღვრული დრო ამ დღეებს შორის არ არსებობს _ შეგიძლიათ მოაწყოთ ბოლო ზარის დღესვე ან თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ.
არ დაგავიწყდეთ მასწავლებლების მოპატიჟებაც. გახსოვდეთ, რომ ეს დღე ფაქტობრივად ერთადერთია ცხოვრებაში, როცა გეძლევათ საშუალება, მასწავლებლებთან ერთად გაერთოდ და იმხიარულოთ.
იმისათვის, რომ თქვენი ბანკეტი განსხვავებული იყოს, შეგიძლიათ მოაწყოთ კოსტიუმირებული შოუ. სასურველია ნიღბებიც, რათა საღამოს ნამდვილი კარნავალის სახე მიეცეს. კოსტიუმები შეგიძლიათ იქირაოთ თეატრში, შეაკერინოთ ან თვითონვე შექმნათ. მაგალითად, ძალიან ადვილია პეპის იმიჯის შექმნა _ დაგჭირდებათ ზოლებიანი გრძელი წინდები (სასურველია სხვადასხვა ფერის ანუ ცალ-ცალი ჩაიცვათ), რომელიც ბაზრობაზე სამ ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, კუბოკრული მოკლე ქვედაბოლო, რომელიც ასევე ბაზრობაზე იყიდება და 30 ლარამდე ღირს. შეიძინეთ ფერადი კედებიც და იმიჯის შესავსებად გაიკეთეთ კიკინები და ჭორფლი სახეზე. თუ ნაწნავების გაკეთებას გადაწყვეტთ, სასურველია ჩაატანოთ წვრილი მავთული, ამით იგი უფრო მყარი იქნება. ჭორფლის გასაკეთებლად კი ფანქარი გამოიყენეთ.
რაც შეეხება ბიჭების ჩაცმულობას ამ დღეს, მათ შეუძლიათ ალადინის ან სულაც ჰარი პოტერის იმიჯი მოირგონ.
თუ კოსტიუმირებული ბანკეტი თქვენთვის მისაღები არაა, გამოეწყეთ ჩვეულებრივ სადღესასწაულო კაბებსა და კლასიკურ კოსტიუმებში.
როგორც წესი, გოგონები ბანკეტისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, ყველას უნდა, ამ დღეს ახალი და ყველაზე ლამაზი კაბა ეცვას, თუმცა ხშირად ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი კაბის შეკერვაა. სასურველი ნაჭერი კი შეგიძლიათ შეიძინოთ ბათუმის რომელიმე ნაჭრის მაღაზიაში ან სულაც საზღვარგარეთიდან ჩამოატანინოთ ვინმეს.
რაც შეეხება ვარცხნილობას, სასურველია ისიც წინასწარ შეარჩიოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეთ.
თუ თქვენთვის დამღლელია ყველა ეს პროცედურა და გირჩევნიათ სხვას მიანდოთ, ამისათვის ბათუმში რამდენიმე სააგენტო არსებობს, რომლებიც ყველაფერს დაგიგეგმავენ, ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეული ანაზღაურების ფასად.
0 коммент.:
Отправить комментарий