ქუსლების გაუხეშება და დახეთქა ბევრ ადამიანს აწუხებს. გარდა იმისა, რომ ქუსლებზე ნახეთქების გაჩენა იწვევს დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, კანი ასევე უხეშდება, სქელდება და ის ვიზუალურად არც ისე სასიამოვნო შესახედავია.
ქუსლების დახეთქას სამედიცინო ენაზე კერატოდერმია ჰქვია, რაც კანის გარქოვანებას ნიშნავს. დერმატოლოგი ნინო ბერიძე ამბობს, რომ ქუსლების დახეთქას იწვევს კანის გამოშრობა, ავიტამინოზი, მიკროტრავმები, იმუნიტეტის დაქვეითება. ეს პრობლემა შეიძლება იყოს გენეტიკურიც. ამ დროს კანი არის სქელი, მოყვითალო შეფერილობის, აღინიშნება ნახეთქები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია. ქუსლების გაუხეშება და დახეთქა ძირითადად ზამთარში იწყება, რადგან ამ დროს კანი შრება. ამიტომ, სანამ ამ პრობლემამდე მივალთ, საჭიროა მოვუაროთ მათ. ამაში დაგეხმარებათ ბავშვის კრემი, რომელიც შეიცავს A ვიტამინს. კრემი დღეში ორჯერ უნდა წაისვათ ქუსლებზე.
თუკი კანი უკვე გაუხეშებული გაქვთ და ქუსლებიც გისკდებათ, სახლის პირობებში შეგიძლიათ შემდეგი ხსნარი დაამზადოთ: თბილ წყალში გახსენით ცოტა სოდა და ააქაფეთ ე.წ. “შავი საპნის” საშუალებით და შიგ ნახევარი საათით ჩააწყვეთ ფეხები. ეს პროცედურა ხუთი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ გაიმეორეთ.
თუ პრობლემა თვითმკურნალობით ვერ მოაგვარეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აღნიშნული დაავადების საწყისი სტადიის განკურნებისთვის მედიკოსები ძირითადად სალიცილის 10%-იან მალამოს იყენებენ. ნახეთქებს კი თუთიის პასტით ნაპრალების ამოვსებით ახორცებენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დაავადების დროს ინფექციის შეჭრის დიდი რისკი არსებობს და თვითმკურნალობას ყოველთვის ჯობია, სპეციალისტს მივმართოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий