მაშინ, როცა გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და ჩვენ კონდიციონერთან სამოთხეში გვგონია თავი, ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს სიამოვნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს. არადა, ამ თემაზე უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ. ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კონდიცირებამ ადამიანს. როგორც აღმოჩნდა, ძირითადად, იგი იწვევს გაციებას, კონდიციონერი სერიოზული დაავადებების გამომწვევი არ შეიძლება გახდეს.
სიცხისგან შეწუხებული ადამიანები ცდილობენ, კონდიციონერთან რაც შეიძლება ახლოს დასხდნენ. შედეგად ცივ გარემოში ხვდებიან, რაც იწვევს გაციებას.
ექიმები გვირჩევენ, რომ ჰაერის ტემპერატურასა და კონდიციონერის ტემპერატურას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 6-8 გრადუსზე მეტი. როცა გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და ჩვენ 17 დრადუსამდე ჩამოგვყავს ტემპერატურა კონდიციონერის წყალობით, ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვლილება გაცივების წინაპირობაა. საერთოდ კი, ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +22-24 გრადუსია.
ასევე ამბობენ, კონდიციონერი გამოყოფს ფრეონს, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის. დადგენილია, რომ მისი კრიტიკული კონცენტრაცია იმატებს მაშინ, თუ ერთმანეთს არ შეესაბამება კონდიციონერი და ოთახის მოცულობა. თუმცა, თუ ოთახში არის პატარა ხვრელები ან ჭუჭრუტანები, ფრეონი თავისუფლად გადანაწილდება და აღარ იქნება საშიში.
ამბობენ, რომ კონდიციონერის მიერ გასუფთავებულ და გაცივებულ ჰაერს აკლდება ზოგიერთი სამკურნალო ელემენტი. თუმცა, ეს არასწორია, რადგან როგორც დავადგინე, ჰაერი ცივდება ცივ მეტალურ ზედაპირთან კონტაქტისას, რაც ხდება პატარა ფილტრის საშუალებით.
რაც შეეხება იმას, რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ის უბრალოდ ისრუტავს ზედმეტ ტენს, ეს კი ხდება გაცივების რეჟიმში. გაცივების რეჟიმი ზაფხულშია ჩართული, ამ დროს კი სახლში ტენიანობა მაღალია. და საერთოდ, დადგენილია, რომ ტენიან ჰაერში ადამიანს უფრო ცხელა.
ყველაზე საშიში, რაც თქმულა კონდიციონერზე, ეს არის ლეგიონელეზით დაავადების საფრთხე. თითქოს, კონდიციონერი ბაქტერიებისთვის კარგი თავშესაფარია, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ამ პრობლემას, ძირითადად, რამდენიმე სახის ცენტრალური კონდიციონერი ქმნის. ასეთი კონდიციონერი კი ჩვენს ქვეყანაში ერთეულია. ასევე დამტკიცებულია, რომ ნებისმიერ კონდიციონერში ბაქტერიები რომ გაჩნდნენ, საჭიროა წყლის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იყოს, მაშინ როცა, საყოფაცხოვრებო კონდიციონერებს 0 გრადუსზე ოდნავ მეტი ტემპერატურა აქვთ. ალბათ, ზუსტად ამიტომ, კონდიციონერის მიზეზით მსგავსი დაავადების გამოწვევის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რამდენიმე რჩევა კონდიციონერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: პირველ რიგში, სახლებსა და ოფისებში კონდიციონერი ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ მისგან გამომავალი ცივი ჰაერი არ იყოს მიმართული ადამიანისკენ. ყველა კონდიციონერს აქვს ჰაერის მიმართულების რეგულირების საშუალება, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად, გამოიყენეთ ეს საშუალება. გარდა ამისა, დაწესებულებაში, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფება, უნდა გავითვალისწინოთ ყველა მათგანისთვის სასურველი ტემპერატურა და მათგან საშუალო შევარჩიოთ, ისე, რომ არც ერთის ჯანმრთელობას არ მივაყენოთ ზიანი. ასევე, უნდა ჩავატაროთ რეგულარული გამწმენდი სამუშაოები, უნდა გამოვცვალოთ ფილტრი. არ დაგავიწყდეთ ექიმების რჩევა, რომ საერთო ტემპერატურასა და კონდიციონერის ტემპერატურას შორის სხვაობა 6-8 გრადუსი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, 40 გრადუს ტემპერატურის შემთხვევაში ეს ნაკლებად რეალურია, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა (+22-24).
და ბოლოს, ერთ-ერთი ინტერნეტსაიტი იუწყება, რომ სწორი დამონტაჟებისა და მოხმარების შემთხვევაში კონდიციონერი არ წარმოადგენს საშიშროებას. უფრო მეტიც, ხარისხიანი კონდიციონერი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია. ასე რომ, უკეთესია უფრო მეტი გავიგოთ ახალი რთული ტექნიკის შესახებ, ვიდრე გვეშინოდეს მისი.
0 коммент.:
Отправить комментарий