ბავშვს, როცა იგი ახალად იდგამს ფეხს და იწყებს სიარულს, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის სწორად შერჩევას. როგორი უნდა იყოს ბავშვის ფეხსაცმელი? _ ამ კითხვით მივმართეთ საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის პედიატრს, ინდირა ბერიძეს.
ექიმის რეკომენდაციით, სასურველია ფეხსაცმელი თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს ანუ ექიმის კონსულტაციის მიხედვით _ “საერთოდ, მაგარი, მყარძირიანი ფეხსაცმელი უკეთესია, მაგრამ ზოგიერთი ბავშვი შეიძლება პირიქით საჭიროებდეს. თუ ბავშვს ბრტყელტერფიანობის ნიშნები აქვს, მან აუცილებლად მყარძირიანი ფეხსაცმელი უნდა ატაროს”.
როგორც პედიატრი ამბობს, დღეს ბრტყელტერფიანობა უფრო და უფრო ბევრი ბავშვისთვისაა დამახასიათებელი, რაც ხშირად ფეხსაცმლის ფორმითა და ხარისხითაა გამოწვეული. ამიტომ ქალბატონი ინდირა გირჩევთ, შეიძინოთ ხარისხიანი ფეხსაცმელი. “ბავშვებს ხშირად ბოტასებს აცმევენ, განსაკუთრებით კი ჩვენთან, სადაც უხარისხო ფეხსაცმელი იყიდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა, როგორიცაა: კუნთების დაჭიმვა, სოკოვანი დაავადებები, ფეხზე სუნი და ა.შ.”
რაც შეეხება იმას, რომ ბავშვებს ფეხშიშველი სიარული ურჩევნიათ და ხშირად იხდიან ფეხზე, ქალბატონი ინდირას თქმით: “ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ფეხსაცმელი აწუხებს. ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ, ახალთან შეგუების პრობლემა. ბავშვები ხომ თავიდან მხოლოდ წინდებს ატარებენ და სხვა ფეხსაცმელი მათთვის ახალია”.
და ბოლოს, ქალბატონი ინდირა გირჩევთ, რომ ზაფხულში ბავშვს ღია ფეხსაცმელი ჩააცვათ, რათა სიცხეში ფეხი არ მოეხარშოს.
0 коммент.:
Отправить комментарий