კბილების არასწორი განლაგება ბევრი ადამიანისთვის მეტად მტკივნეული პრობლემაა. ამ და სხვა ორთოდონტულ პათოლოგიას ბრეკეტსისტემით მკურნალობენ. როგორც სტომატოლოგიური კლინიკა “მედი ბელუსის” სტომატოლოგმა, ქეთინო ბალაძემ გვითხრა, არსებობს სხვადასხვა ფერისა და ზომის ბრეკეტი. “ბრეკეტების ტარება არის შრომა, რომელშიც მთელი ოჯახი უნდა იყოს ჩართული. მისი ტარებისას არ შეიძლება ხილის ან ნებისმიერი სხვა მაგარი საკვების ჩაკბეჩა, ისინი უნდა დაჭრათ და ისე უნდა მიირთვათ. თხილიანი შოკოლადები, “სუხარი” და მსგავსი საკვები კი საერთოდ უნდა გამოირიცხოს”.
ბრეკეტების ტარების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას. კბილები უნდა გაიწმინდოთ სპეციალური ჯაგრისებით, რომლების შეძენაც უკვე “ავერსისა” და “პეესპეს” აფთიაქებშია შესაძლებელი.
ბრეკეტების ტარებას ხშირად პაციენტები მისი შესამჩნეობის გამო ერიდებიან. თუმცა არსებობს კერამიკის ბრეკეტებიც, რომლებიც შედარებით შეუმჩნეველია. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ კერამიკის ბრეკეტები უფრო ძვირი ღირს. ზოგადად, ბრეკეტსისტემის ღირებულება 1000-1500 ლარია.
რკინის ბრეკეტების ტარება თერთმეტ წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება. ამ ასაკის ბავშვებს სტომატოლოგები უნიშნავენ მოძრავ პლასტიკურ ბრკეტებს, რომლებიც მხოლოდ ღამით უნდა გაიკეთონ. იგი ასწორებს არა მხოლოდ კბილებს, არამედ მეტყველებას, ყბის ფორმას და ა.შ. ერთი ასეთი ფირფიტის ღირებულება 100 ლარიდან იწყება. მკურნალობისთვის შესაძლებელია რამდენიმე ფირფიტა დაგჭირდეთ. ქეთინო ბალაძე მშობლებს ურჩევს, ბავშვი დროულად მიიყვანონ სტომატოლოგთან, რადგან რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მალე სწორდება დეფექტი.
ბრეკეტსისტემით მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია რეტენციის პერიოდი _ როცა კბილები უკვე გასწორებულია, მაგრამ ამ ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრეკეტების მსგავსი მავთულის ან პლასტიკური ფორმის ტარება.
ბრეკეტსისტემის მორგება პირველი ორი კვირის განმავლობაში იწვევს ტკივილს. თუმცა პროცედურა შედეგიანია და ღირს ტკივილის მოთმენა. ზოგადად ბრეკეტები კბილებზე ლაქებს არ ტოვებს, მაგრამ თუ არ გაითვალისწინებთ სტომატოლოგის რჩევას და დაზიანებულ კბილებზე გაიკეთებთ ბრეკეტებს, შედეგად კბილზე შეიძლება დაგრჩეთ ხაზების მსგავსი ლაქები. ამიტომ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
0 коммент.:
Отправить комментарий