ფოტოების კომპიუტერში ან ფოტოალბომებში შენახვა და დროდადრო მათი გადმოლაგება არც ისე მოსახერხებელი და სასურველია. არადა, ზოგჯერ ძალიან გვინდა საყვარელი ადამიანები ახლოს გვყავდეს, ფოტოთი მაინც.
გთავაზობთ ფოტოებიანი კუბიკის დამზადების წესს, რომელსაც ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გავეცანი. ამისათვის დაგჭირდებათ მუყაო, 6 ფოტო, მაკრატელი, სახაზავი და წებო.
დასაწყისისთვის, დახატეთ კუბის ფორმა მოცემული ფოტოს მიხედვით. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და სასურველი ზომა _ 5 ან 10 სანტიმეტრი ყველაზე მისაღები ზომაა.
გამოჭერით მუყაო ნახაზის მიხედვით და ყველა გვერდზე მიაწებეთ სასურველი ფოტო. ყურადღებით იყავით, ფოტოს ზომა კუბის გვერდის ზომას ზუსტად უნდა ემთხვეოდეს. მას შემდეგ, რაც წებო კარგად გაშრება, სახაზავის დახმარებით შაბლონი ისე გადაღუნეთ, რომ ფოტოები გარე მხარეს დარჩეს. წაუსვით წებო შიდა მოკლე გვერდებს, რომელთა საშუალებით უნდა შეიკრას თქვენი ფოტოკუბიკი. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ფოტოკუბიკს შეურჩიეთ შესაბამისი ადგილი. ასეთი ფოტოკუბიკი შეგიძლიათ მოათავსოთ სამუშაო მაგიდაზე და დღეში რამდენჯერმე გადაატრიალოთ იგი, ყოველ გადატრიალებაზე ახალ საყვარელ სახეს დაინახავთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. მუშაობის დროს ორიგინალური ფოტოკუბიკით საყვარელი სახეების ნახვით არაერთხელ გაიხარებთ.
0 коммент.:
Отправить комментарий